მამუკა მდინარაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების რესურსი და სურვილი არ არსებობს
მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების არც რესურსია, არც სურვილია და არც შეჯერდება ამაზე გუნდი, ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობაც კი არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივაზე იმსჯელეს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ახალი საკონსტიტუციო რეფორმის რესურსი გუნდში არ არსებობს.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა გავიდნენ ხალხში, შეაგროვონ ხელმოწერები, რომელიც დაავალდებულებს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს ეს ინიციატივა. ჩემი აზრით, აქამდეც არ უნდა მივიდეს საქმე და გავაგრძელებთ საუბარს. შეიძლება ითქვას, ასე ფიქრობს გუნდის დიდი ნაწილი. პარტიის ლიდერიც ზუსტად ამ პოზიციაზე, რასაც მე მოგახსენებთ. აქედან გამომდინარე, გუნდის შეჯერება მსგავს საკითხზე ვერ მოხდებოდა. არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის კარგი გზა ქვეყნის განვითარებისთვის, აპელირებას აკეთებენ ე.წ. ამერიკულ მოდელზე და ფიქრობენ, რომ საზოგადოების დაკვეთით, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ისინი აიძულებენ, კარგი გაგებით, საქართველოს პარლამენტს, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. სიურპრიზი არ იქნება, ნახევარ მილიონ ხმას ვერ შეაგროვებენ, რომ გვაიძულონ ამის მიღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს უმრავლესობის შეხვედრა გაიმართ. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იყო, მათ შორის ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა.
11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.