მამუკა მდინარაძე - 2012 წლის მერე, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან, სად შეძვრნენ
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს პარლამენტში შეიპარნენ, სპეკულაციას და ბინძურ ტყუილს უწოდებს.
მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენალურ სესიაზე ისაუბრა და საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი დღის წესრიგი განმარტა.
„10:00 საათზე ჩანიშნული იყო კომიტეტის სხდომები. 12:00 საათზე უნდა დაგვეწყო პლენარული სხდომა. ალბათ, ყველანი დარწმუნდით უმრავლესობის სხდომიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარებულიყო. რომელ საათზე უნდა დაგვეწყო უმრავლესობის სხდომა ან როდის უნდა ჩაგვეტარებინა ხომ არ იცით, შემოპარვას რომ არქმევენ? კიდევ ერთი სპეკულაცია, ბინძური ტყუილი ხალხის მოსატყუებლად, თითქოს, ვიღაც სადღაც დაიპარება. ვთავაზობ, თუ უნდათ, ქუჩაში გავიაროთ ერთად და ვინ სად დაიპარება მერე ვაჩვენებ ნებისმიერს, ვინც ასეთ ბინძურ ტყუილებზე და სპეკულაციაზე დადის. ის ხალხი აკეთებს და აცხადებს ამას, ვინც 2012 წლის მერე, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან, სად შეძვრნენ. ეს ხალხი ლაპარაკობს ამ ყველაფერზე“, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია დღეს 10:00 პარლამენტის პიკეტირებას გეგმავდა, თუმცა რადგან „ქართული ოცნების“ დეპუტატები მანამდე შევიდნენ პარლამენტში, პიკეტირება არ შედგა. პარლამენტში დღეს უმრავლესობამ სხდომა გამართა.