მამუკა მდინარაძე - 2008 წლის ომის გმირებს დააბრალეს საომარი მოქმედებების დაწყება, ახლა ეს ხალხი ავტორია კითხვისა, რუსეთი მტერია თუ არა და მებრძოლი, რომელიც იბრძვის სამშობლოსთვის, არის თუ არა გმირი
რუსეთი მტერია თუ არა და სამშობლოსთვის მებრძოლი გმირია თუ არა, ამ კითხვის დასმა იქითა მხრიდან, რომელი მხრიდანაც საკუთარი სამხედრო ძალები პირდაპირ იქნა დადანაშაულებული ომის დაწყებაში, არის ამაზრზენი და ამორალური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ქართველ მებრძოლებს აბრალებდნენ და ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში, მართლაც გმირებს. უბრალოდ განცხადება კი არ გაუკეთებიათ ამაზე, რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც ქართველი გმირები დაადანაშაულეს ომის, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში, მაშინ ეფიქრათ, ვინ გმირი იყო, ვინ მოღალატე და ვინ აკეთებდა რუსეთის საქმეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, არიან თუ არა გმირები ქართველი მებრძოლები, რომლებიც მიდიან უკრაინაში და მათ შორის, იღუპებიან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „დიახ, რა თქმა უნდა“.
„მათ შორის ახლა უკრაინაში რომ არიან, გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის და 2008 წლის ომში იყვნენ გმირულად შებმულნი მტერთან, საოკუპაციო ძალებთან, ესე იგი, რუსეთის საჯარისო შენაერთებთან, მათ დააბრალეს „ნაცებმა“ საომარი მოქმედებების დაწყება, დაადანაშაულეს რეზოლუციის მიხედვით, რომ მათ დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები. ახლა ეს ხალხი ავტორია კითხვისა, რუსეთი მტერია თუ არა და მებრძოლი, რომელიც თავისი მრწამსით იბრძვის საკუთარი სამშობლოსათვის, არის თუ არა გმირი. რა თქმა უნდა, გმირია, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვის, რწმენა აქვს, რომ იბრძვის თავისუფლებისა და საკუთარი სამშობლოსთვის, ოღონდ კითხვა იქითა მხრიდან, რომელი მხრიდანაც პირდაპირ იქნა დადანაშაულებული საკუთარი სამხედრო ძალები ომის დაწყებაში, არის ამაზრზენი და ამორალური“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.