მამუკა მდინარაძე 20 ივნისის მოვლენებზე - ვინ კაციშვილი ვერ ნახეთ, პარლამენტის შენობა ერთი წამით არ დაგვიტოვებია, საზღვარი ხომ აქვს რაღაცას
ჩვენი შეცდომა იყო, რომ გავრილოვი ამ დარბაზში შემოვუშვით, ამას ერთ-ერთი პირველი ვამბობდი. ამ ტექნიკურ შეცდომას მოჰყვა რა თქმა უნდა, გულწრფელი ემოციები. ჩემი მეგობრებიც იყვნენ იმ დღეს გარეთ აქციაზე, მაგრამ შემდეგ შეხედეს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც მიტინგად და უბედურებად გადაიქცა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ივნისის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პარლამენტში იმყოფებოდნენ, დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც ნახეს, რომ შეჭრის პერსპექტივა აღარ არსებობდა.
„ტყუილი რომ თქვენი საფირმო და სამარკო ნიშანია, ეს გასაგებია და ისიც, ტყუილზე აგებულ ნარატივს რომ სთავაზობთ საზოგადოებას. მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით, ხალხნო, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ შტურმი მარტო გარეთ კი არ იყო, ორსაათიანი დედის გინება პოლიციელების, თავში ჩარტყმა, ცოცხალი ადამიანების მოპარვების შემთხვევები, არამედ აქ, ამ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ, როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით. გავრილოვს რომ არ წაეყვანა ეს სხდომა, ბერძენი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო სხდომის წამყვანი. იმ კაცმა პროტოკოლის რიგით თანამშრომელს უთხრა, სკამი მომიტანეო და წამოსკუპდა. ის კაცი მაშინ სხვა სკამზე იჯდა, ასე პათეთიკურად გაგცემთ პასუხს. მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაულია, არავის არ ვაბრალებთ, ჩვენი შეცდომა იყო ამ დარბაზში რომ შემოვუშვით, ამას ერთ-ერთი პირველი ვამბობდი. ამ ტექნიკურ შეცდომას მოჰყვა, რა თქმა უნდა, გულწრფელი ემოციები, ჩემი მეგობრები იყვნენ იმ დღეს გარეთ აქციაზე, უახლოესი მეგობრები, მაგრამ შემდეგ შეხედეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც მიტინგად და უბედურებად გადაიქცა. აქ კადრებს ხედავდნენ, რომ წინა რიგებში განთავსებულები იყვნენ მათი წარმომადგენლები და ეხვეწებოდნენ მანდატურები, მიბრძანდით, იქნებ, დატოვოთ სხდომის დარბაზიო. ცოცხალი თავით არ გადიოდნენ, ვიდრე ნახეს, რომ აქ შემოჭრის პერსპექტივა აღარ არსებობდა. ეს იყო 20 ივნისი თავიდან ბოლომდე, რაც ფაქტია და არ არის ჩემი შეფასება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკითხზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ერთი წამით არ დაუტოვებიათ.
„სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის წევრები და ლიდერები გუშინ რომ ლაპარაკობდნენ და თქვენ აიტაცეთ დიდი რუდუნებით სიტყვები, რომ კაციშვილი ვერ ვნახეთო, კადრებია ამასთან დაკავშირებით. ვინ კაციშვილი ვერ ნახეთ თქვენ ან იმ ადამიანმა. სად ვერ ნახა, ერთი წამით ეს შენობა არ დაგვიტოვებია, საზღვარი ხომ აქვს რაღაცას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.