მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ დაფიქსირდა 115 ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრისას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ რატომ ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენისას 115 ხმა, მაშინ, როცა პროექტს 116 მომხრე ჰყავდა.
მდინარაძის თქმით, გარკვეული მიზეზით, ადა მარშანია დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
„პირველი კენჭისყრის დროს დაფიქსირდა 116 მომხრე, დღეს დაფიქსირდა 115. ქალბატონი ადა მარშანია არ ესწრებოდა სხდომას, როგორც მისმა თანაპარტიელებმა გვითხრეს, ის იყო ცუდად, შეუძლოდ, არ იმყოფებოდა თბილისში და ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ყველას ვთხოვ, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ მათ შორის, რომ ასეთი რისკები დაზღვეული იყოს. გასაგებია, ავად გახდომისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ დავიზღვიოთ თავი, თბილისში მაინც ვიყოთ ყველანი“,- აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დეპუტატს, რომელსაც გაცხადებული აქვს ცვლილებებზე მხარდაჭერა, მესამე მოსმენის დროს თბილისში იყვნენ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, რომელმაც დეკლარირებულად თქვა, განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მესამე მოსმენის დროს უბრალოდ თბილისში იყვნენ, რომ შეძლონ პარლამენტში მოსვლა და ასეთი ტექნიკური პრობლემების გამო, რაიმე რისკი არ შეიქმნას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი რისკები არის გამორიცხული, ხედავთ, უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ, ის დეპუტატები, რომლებმაც დაადასტურეს თანხმობა, მესამე მოსმენის დროს კვლავ ამას გაიმეორებენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა.