მამუკა მდინარაძე - დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება იყოს ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა, პრობლემა არ არის
პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება იყოს ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა, არანაირი პრობლემა არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, ბექა ნაცვლიშვილი მსგავს წერილს მართლაც ამზადებდა.
„წერილს გაგზავნის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მოჰყოლოდა. გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მივიღეთ. იყოს მისი ინიციატივა, არანაირი პრობლემა არ არის. მთავარია, კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი წერილის პასუხი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო და პრობლემა რაშია, ვერ ხვდები?! მათი მხრიდან იყო წერილი და გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მივიღეთ“, – დასძინა მდინარაძემ.
ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმების იდეა მას ეკუთვნის და ამ მიზნით, გუშინ, რამდენიმე დეპუტატმა პრემიერ-მინისტრსა და დედაქალაქის მერს წერილით მიმართა.
ამასთან, გუშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. მისივე თქმით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს.