მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანებაზე ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მორიგი პირისპირ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და კონსულტაციები გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან. ჩემდა სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციურ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადადგამს.
„კოოპერაციაზე წინააღმდეგი არავინ არ არის. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკება. თანაბარ, სწორუფლებიანი პარტნიორი ნიშნავს თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორობას. შესაბამისად, ჩვენ გავაგარძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა, მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. მინდა, მივაღწიო იმას, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია. ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი, მთავარია, ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის, იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
„ახალი შეხვედრა როცა დაინიშნება, შევხვდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.