მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ადვოკატის განმარტებით, განჩინება სრულად გასაჩივრდა. მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება დასაბუთებას მოკლებულია.
„სამწუხაროდ, სასამართლომ განჩინება ჩაგვაბარა მხოლოდ დღეს, დილის 11:00 საათზე და გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 48 საათიდან მხოლოდ რვა საათი დაგვრჩა, მით უმეტეს 18:00 საათზე კანცელარია იკეტება სასამართლოში. თვითონ განჩინებაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საერთოდ არ არის დასაბუთებული მსჯელობა. დაცვის მხარის პოზიციებს განჩინებაში აქვს მხოლოდ ერთი აბზაცი მიძღვნილი და იმაზეც არ არის პასუხი გაცემული. ყველაფერი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. სამწუხაროდ, არგუმენტაცია არ არსებობს განჩინებაში, თუ რატომ უნდა შეფარდებულიყო. ზოგადი ფრაზები წერია განჩინებაში, რომ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლას, ამაზე საერთოდ არ აქვს მსჯელობა“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, განჩინების დაგვიანებით ჩაბარება რამე ეჭვებს ხო არ იწვევს, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ არ სურს კონსპირაციებში შესვლა.
„მესმის, რომ მოსამართლეები შეზღუდულ დროში იხილავენ საქმეებს, მაგრამ ასე დაგვიანება, რომ მხოლოდ მესამე დღეს, დილას ჩაგვბარდა განჩინება, მესმის შემჭიდროებული ვადებია, მაგრამ გასაჩივრება არ არის ფორმალობა, დაცვის მხარეს სჭირდება დრო, რათა არგუმენტი წარადგინოს და რომ წარადგინოს, ამისთვის უნდა წაიკითხოს, რა წერია განჩინებაში. ეს ყველაფერი გასცდა შემჭიდროებულ ვადებს“, – აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
საუბარია ორი დღის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათასლარიან გირაოსთან ერთად, გამოძიების გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდათ.
ბრალდებულების ადვოკატი ამ გადაწყვეტილების ორივე ნაწილს ასაჩივრებს.
26 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე, პროკურატურა საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვასთან ერთად, ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს ითხოვდა. თანხის ნაწილში, მოსამართლემ ცვლილება შეიტანა და ორივე ბრალდებულს 700-700 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე თანხის შემცირების ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია. პროკურატურა თითოეული ბრალდებულისთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.