მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ხვალ გაასაჩივრებს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო წესით სავარაუდოდ, ხვალ გაასაჩივრებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა, სასამართლოს გუშინ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს მას დღეს გადასცემენ და სააპელაციო სასამართლოს ხვალ მიმართავს.
კერძოდ, ადვოკატი ასაჩივრებს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 700-700 ათასლარიან გირაოსთან ერთად, გამოძიების გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდათ.
ბრალდებულების ადვოკატი ამ გადაწყვეტილების ორივე ნაწილს ასაჩივრებს.
26 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე, პროკურატურა საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვასთან ერთად, ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს ითხოვდა. თანხის ნაწილში, მოსამართლემ ცვლილება შეიტანა და ორივე ბრალდებულს 700-700 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე თანხის შემცირების ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია. პროკურატურა თითოეული ბრალდებულისთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.