მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე გალაკტიონის ლექსი – „,მშობლიურო ჩემო მიწავ“ წაიკითხა.
ამასთან, პრეზენტაციაზე ხაზარაძემ ანაკლიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს; ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან; ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია – ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია.
მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის და სწორედ აი აქედან, უნდა ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე, რომელიც ანაკლიაში გაიმართა.