მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. პროკურატურას დღეს 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.
მოწმეები „თიბისი ბანკის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან, რომლებსაც შეხება ჰქონდათ 2008 წელს თანხების „სამგორი მ“-ზე და „სამგორი თრეიდზე“ გაცემასთან.
„არსებობს მოლოდინი, ისინი დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 2008 წელს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რეალურად აღნიშნული თანხები განკუთვნილი იყო ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის. მათი წარმოდგენით აღნიშნული თანხები უნდა დახარჯულიყო მიზნობრივად „სამგორი მ“ და „სამგორო თრეიდის“ კომპანიების მიერ. ბრალდება გაეცნო სახალხო დამცველის მოსაზრებას და ამ ინსტიტუტის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი ხასიათდება ნაკლოვანებებით, ხარვეზებით, როგორც შინაარსობრივი, ასევე სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით. საქმეში არასწორადაა აღქმული ფაქტები, რომლებიც შეუძლებელს ქმნის სწორი შეფასებების გაკეთებას,” – განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.
ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, არ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მათ ვინმე მოატუეს ან ფულის გათეთრებასთან ჰქონდათ შეხება.
„პროკურორები ფიქრობენ, რომ პიარულად შეძლებენ იმის წარმოჩენას, რაც არ არსებობს, თეთრის შავად წარმოჩენას. პროცესები იქნება ერთი და იგივე. არანაირი დამადასტურებელი იმ ყოვლად უსინდისო ბრალდების, რომელიც ჩვენ გვაქვს წარდგენილი, არ არსებობს. არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნასახი არ არის იმ დანაშაულის, რომელსაც გვედავებიან. ელემენტარული თავმოყვარეობის მქონე პროკურორი ან იურისტი თავიდან იტყოდა, რომ არ არსებობს აქ ბრალდების საფუძველი, მაგრამ სამწუხაროდ კონკრეტული პროკურორები არიან ამ სისტემის ნაწილი და ასრულებენ დავალებას. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.