მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ხმაური იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ხმაური იყო.
სხდომაზე საქმის გამომძიებელი ირაკლი ცანავა იკითხება. გამომძიებლის მიერ ჩვენების მიცემის დროს მამუკა ხაზარაძემ პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ორი წელია, მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე არსებულ ბრალდების საქმეს უსმენს.
„ორი წელია, ამ აბსურდს ვუსმენ, დავტოვებ სხდომას, ამის მოთმენა, რაც ხდება, მე არ შემიძლია“, – აღნიშნა ხაზარაძემ, რომელიც პროცესს კვლავ ესწრება.
პროკურორებს და ხაზარაძეს შორის შელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა, სხდომაზე კამათი მოსამართლის მითითების შემდეგ შეწყდა.
„სასამართლოში ასეთი ტონით, თითის ქნევით არ შეიძლება საუბარი, ეს არ არის სასამართლოში მოქცევის წესი, გაფრთხილებთ“, – აღნიშნა მოსამართლე გიორგი არევაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე.