მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაიკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება, კერძოდ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც თემატურად შეამოწმეს „სამგორის“ კომპანიებისთვის გაცემული სესხების ნაწილში „თიბისი ბანკი“ და მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმად ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 2008 წელს ამ ოდენობის სესხის აღების უფლება არ ჰქონდათ.
საუბარია 17 მილიონ დოლარამდე თანხაზე, რომლის გათეთრებასაც „თიბისი ბანკიდან“ ავთო წერეთლის კომპანიების – „სამგორი ემ“ და „სამგორი თრეიდის“ დახმარებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან.
სხდომის დაწყებამდე ბრალდებულებმა მათ წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკური დევნის შეფასება მისცეს.
საქმის პროკურორ გიორგი მიქავას თქმით, დღეს დასაკითხი მოწმეების ჩვენებებით, დადასტურდება, რომ საბოლოო ჯამში, „თიბისი ბანკმა“ ერთობლიობაში 16,5 მილიონი აშშ დოლარით იზარალა.
„ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დასკვნაში მნიშვნელოვანი განმარტებებია გაკეთებულია. აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ბრალდებულებს ამ შემთხვევაში – ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს არ ჰქონდათ უფლება ამ ოდენობის სესხი აეღოთ ბანკიდან. გარდა ამისა, აღნიშნული პასუხს სცემს იმას, თუ რატომ იქნა შერჩეული კონკრეტულად ავთანდილ წერეთელი და მისი კომპანიები, რომელთა საშუალებითაც მოტყუებით დაეუფლნენ ბანკისგან აღნიშნულ თანხას და საბოლოო ჯამში, მოხდა თუ არა აღნიშნული თანხების დაფარვა. გარდა ამისა, უზრუნველყოფის საშუალებების გამოთავისუფლება რამდენად კანონის შესაბამისად მოხდა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთობლიობაში ასკვნის, რომ „თიბისი ბანკმა“ განიცადა 16,5 მილიონი აშშ დოლარის ზარალი“, – განაცხადა გიორგი მიქავამ.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც.