მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, ჩვენება მისცეს ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც 2008 წელს განხორციელებულ სადავო ტრანზაქციაზე შემოწმება ჩაატარეს და დასკვნაში მიუთითეს, რომ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ წარმოადგენენ დღეს დაკითხული მოწმეები ბრალდების მხარის მოწმეებს.
„წინა და დღევანდელ სხდომებზე ეროვნული ბანკიდან ოთხი შემმოწმებელი დაიკითხა იმ აქტის გარშემო, რომელიც იდეაში, ამ საქმის საფუძველია. სამართალი რომ იყოს, სასამართლო პროცესი დღეს საერთოდ უნდა დამთავრებულიყო, რადგან ბრალდების მხარის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმეებმა თქვეს, რომ არსად არ ფიქსირდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერა სესხის გაცემის დროს, არსად არ ფიქსირდება მათი გადაწყვეტილება და რამე ჩარევა სესხის გაცემასთან დაკავშირებით.
აღმოჩნდა, რომ სიტყვა სესხის ჩამოწერა თურმე სწორი ტერმინი არ ყოფილა და სესხი გარესაბალანსო ანგარიშზე გავიდა და არავისთვის უპატიებიათ სესხი. აღმოჩნდა, რომ ოფშორულ კომპანიას ფული კი არ წაუღია, პირიქით, შემოუტანია და ამით დახმარებია „თიბისი ბანკს“, რათა მომხდარიყო აღდგენა ხანდაზმულობის ვადის. აღმოჩნდა ისიც, რომ ჩამოწერილი ყოფილა არამარტო ეს სესხი, არამედ სხვა სესხებიც 2008 წლის ომის შემდეგ. ყველა შემმოწმებელმა თქვა, რომ ფულის გათეთრება მათ არ აღმოუჩენიათ. უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ აღმოეჩინათ ფულის გათეთრება, ისინი ვალდებული იყვნენ ამასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, ამ დაკითხვების დროს სახეზე ძალიან მარტივი რამ გვქონდა, შემმოწმებლებმა თქვეს, რომ მათი აზრით, დარღვეულია მხოლოდ კონკრეტული რეგულაციები, მათ მეტი არც არაფერი შეუსწავლიათ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ინსაიდერებზე სესხის გაცემას ეხებოდა. ამისთვის „თიბისი ბანკი“ დაჯარიმდა. შესაბამისად, ეს მოწმეები ბრალდების მხარეს თავის მოწმეებად როგორ მიაჩნია და რატომ აქვს იმედი, რომ ამ მოწმეების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, ჩემთვის გაუგებარია. ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოთხივე შემმოწმებელმა დააფიქსირა, რომ არ ჰქონიათ პრაქტიკაში, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციები შეემოწმებინათ, ასევე დააფიქსირეს, რომ არ ჰქონიათ პრაქტიკაში, რომ მათ მიერ ასეთ საკითხებზე შემოწმების შემდეგ საქმე წასულიყო სისხლის სამართლის კუთხით“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
საქმის პროკურორის, გიორგი მიქავას თქმით კი, მოწმეებმა დაადასტურეს მნიშვნელოვანი გარემოებები.
„მათ დაადასტურეს, რომ 2008 წელს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არ ჰქონდათ ბანკიდან ამ ოდენობის თანხის მიღების უფლება და შესაბამისად, ისინი აღნიშნულ თანხას დაეუფლნენ ავთანდილ წერეთლის მფლობელობაში არსებული კომპანიების საშუალებით. აღნიშნული პასუხობს კითხვას, თუ რატომ იქნა შერჩეული წერეთლის კომპანიები და რატომ წარუდგინეს ბანკს არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული თანხა სჭირდებოდა წერეთლის კომპანიებს“, – განაცხადა გიორგი მიქავამ.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 14 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.