მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა
მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.
როგორც დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ წევრები არიან:
იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებების ლიგის“ სპეციალისტი თორნიკე ჩიქოვანი, ფარმაცევტი, ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი გოგიტა დათუკიშვილი, ფერმწერი, ამჟამად ხელოვნების პედაგოგი მარინა მამუჩაშვილი, წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი გიორგი ზურებიანი, არქიტექტორი, პრაქტიკოსი, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ალექსანდრე ჩუბინიძე, მხატვარი, სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი გურამ დოლენჯაშვილი, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი თამარ ბუაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული კინოს ასოციაციის“ ხელმძღვანელი თორნიკე ადამაშვილი, კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის კომერციული მენეჯერი ვაჩე ჩინჩალაძე, მწვრთნელი, სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ცხენოსნობაში მამუკა მახარაძე, პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, შეფმზარეული ნუკრი ტატიშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი თამარ ჭალაგანიძე.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოძრაობა „ლელოს“ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის უამრავი კვალიფიციური ადამიანი ყოველდღიურად უერთდება.
ახალი წევრების წარდგენა შატო მუხრანში გაიმართა.