საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.
ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ წევრები არიან: გიორგი ბუნტური, ცოტნე ხეცურიანი, ლევან გოგავა, მარიამ პატარაია, დავით სირაძე, დავით დვალიშვილი, მარიამ ყიფშიძე, მიხეილ მუმლაძე, ბაჩანა ბარამიძე, გუგა კობახიძე, დავით კვინიკაძე, პაპუნა თევზაძე .
ღონისძიება გორში, პოლიციის შენობის მდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან გორში, დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული „ლელოს” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბუნტური.
„წინასწარი დაკავების იზოლატორი შევარჩიეთ, რადგან აქ ჩვენი გუნდის წევრი, „ლელოელი“ , ახალგაზრდა იურისტი გიორგი ბუნტური იმყოფება. მან პროტესტი გამოაცხადა იმ უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც ქვეყანას დაუკარგეს სწრაფი განვითარების, ევროინტეგრაციის პერსპექტივა. ჩვენ წარვადგინეთ 12 ახალგაზრდა სხვადასხვა ქალაქიდან. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები იქნებიან. ეს ახალგაზრდები საბჭოთა სასამართლომ გაასამართლა 1984 წლის დებულებებით, რაც ნიშნავს, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა კანონებით ხელმძღვანელობს. იმის მაგივრად, რომ ქვეყანამ წინ იაროს, მიგვათრევენ უკან, საბჭოეთისკენ. ეს არის „ოცნების“ და მისი ხელმძღვანელობის მენტალობა, ქვეყანა ჩიხში შევიდა”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ახალი წევრების წარდგენისას.