მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა.

საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ: ეკონომისტი ქეთევან კრიალაშვილი, იურისტი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, პიანისტი თეა ჭკუასელი, მხატვარი ირაკლი სუთიძე, სპორტსმენი ბესიკ ლიპარტელიანი, სპორტსმენი გია რაფავა, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, ანალიტიკოსი თორნიკე შურღულაია, მწერალი ხათუნა თავდგირიძე, სპორტსმენი დავით გელაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი აკაკი გელაშვილი და ფსიქოლოგი გიორგი ოქროაშვილი.

მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ლელო“ საზოგადოებრივი მოძრაობაა და პარტიას ის უახლოეს ორ თვეში წარადგენს.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ პროგრამას, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, არანაირი ამოვარდნილი განცხადებები და რაღაც ერთჯერადი ეფექტის მომცემი პროგრამების წარდგენა არ იქნება. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ საკმაოდ სერიოზულად. ამ პროგრამების შეჯერება მოხდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, რეგიონებში, რადგან არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამის მერე, როცა დაფუძნდება პარტია, პარტია წარმოგიდგენთ ძალიან მკაფიო ხედვას, პროგრამულ ხედვას თუ რა დროში, რანაირი რეფორმებით გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.