საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს გადადგომისკენ მოუწოდა.
„ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ხართ ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს. იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც თქვენ დებთ, ასეთი ანაზღაურების მენეჯერს არც ერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებდა. მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ თანამდებობიდან, რომელსაც იკავებთ ყოველგვარი შედეგის გარეშე“, – მიმართა ხაზარაძემ გვენეტაძეს.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის კანონის შესაბამისად, ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი, რაზე არის პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი და მთლიანად საბჭო.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ფულად საკრედიტო მონიტორინგი და ასევე ინფლაციის დონე.
„როცა ვსაუბრობთ შედეგებზე და აუცილებლად შეფასება მიეცემა ეროვნული ბანკის მუშაობას, უნდა შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად, ან მადლობა გადავუხადოთ და ვუთხრათ, რომ ასე გააგრძელოს მუშაობა, ან პირიქით, საყვედური უნდა გამოვუცხადოთ და ა.შ, ამიტომ მოდით შევთანხმდეთ შეფასების კრიტერიუმზე, როგორ უნდა შეფასდეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს. გავმეორდები, რომ კარგად გაიგოს მოსახლეობამ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი იწერს პრემიას იმ შედეგების შემდეგ, რომელსაც ახლა მოგახსენებთ.
გამოვყოფ სამ საკითხს: პირველი- ლარის კურსი, რომელიც ბატონი გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს 40 პროცენტზე მეტად გაუფასურდა. ეს თქვენი საქმეა ბატონებო და ნუ იტყვით, რომ ლარის სიმყარე თქვენ არ გეხებათ.
მეორე, როდესაც ლაპარაკია შოკებზე, პირველი შოკი უნდა ეძებოთ ეროვნული ბანკის მმართველობაში. მეორე საკითხი ეს არის ინფლაციის დონე. თქვენ თუ იძახით, რომ ინფლაციის დონე არის ეროვნული ბანკის ამოცანა, თქვენ ინფლანციის დონე გაგექცათ სასწაულად. ვერ აკონტროლებთ ვერანაირ სამომხმარებლო ფასებს და ინფლაციის დონე დღეს ქვეყანაში გაქცეულია 7პროცენტზე მეტად.
მესამე საკითხი – თქვენ, როგორც რეგულატორი ამავე დროს უწევთ რეგულაციას, კაპიტალის ბაზარს. გრძნობთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, რადგან ერთის მხრივ, იყო რეგულატორი საფინანსო საკრედიტო რეგულაციების და მეორე მხრივ, კაპიტალის ბაზრის, რომელიც პირდაპირ პროპორციულად უნდა იყოს საბანკო სისტემის“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მათ მოიძიონ ფული საკუთარი საქმიანობისთვის.
„ეს იწვევს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას, არც ერთი კომპანია კაპიტალიზირებული არ არის საქართველოში და აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა – რა გააკეთეთ იმისათვის, რომ საფონდო ბირჟაზე სადაც 2000 ლარის გარიგება იყო სულ რაღაც რვა თვის განმავლობაში და ძალიან გთხოვთ არ მითხრათ, რომ ფონდები ივაჭრება. ფონდები არ არის ფასიანი ქაღალდები და შეცდომაში არ შეიყვანოთ მსმენელი. ლაპარაკია კორპორაციების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
პრაქტიკულად თქვენ ეს მიმართულება მოკალით და ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს იმისათვის, რომ საერთაშორისო ბიზნესმა ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კომპანოების მფლობელობაში.
ბოლოს დასკვნის სახით მინდა გითხრა, რომ ასეთი ანაზღაურების მენეჯერს ვერცერთი და არცერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს იმ შედეგების მიხედვით რომელსაც თქვენ დებთ. მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ იმ თანამდებობიდან რომელსაც იკავებთ ყოველგვარი შედეგის გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის კომენტარს პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.