მამუკა ხაზარაძე - ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რათა ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში
მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რათა ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მისი საქმე სასამართლოში არის აბსურდი.
„საქმის მასალებზე ჩემს ადვოკატს ესაუბრეთ, იმიტომ რომ იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი, რომ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივად ტყუილების ქვეყანაში. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს. ბიძინა ივანიშვილმა ტყუილები შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობი და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში. ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც სახელმწიფოებრიობას სჭირდება და ჩვენ შვილების და ჩვენ მომავალს სჭირდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მიმდინარეობს.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობისგარეშე.
ამავე საქმეზე ბრალდებულია ბიუზნესმენი ავთანდილ წერეთელი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.