მამუკა ხაზარაძე - წერილი მივიღეთ გახარიასგან, არასდროს გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი
წერილის დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან და თანაგუნდელ ანა ნაცვლიშვილთან ერთად მივიდა და ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა.
„გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. ერთ წელი დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს გავაკეთებთ ერთი წლის მერე თავის შემადგენლობიანად,რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და არა ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. მე, მათგან განსხვავებით, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მივენდოთ ე.წ. გამოძიებას, რომლის იმედი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ კანონის შესაბამისად მივყვებით ყველა ქმედებას. ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.