მამუკა ხაზარაძე - წერილი მივიღე გიორგი გახარიასგან, არასდროს გვითქვამს, რომ გახარიამ დაბეჭდა თავის კომპიუტერზე
მამუკა ხაზარაძე - წერილი მივიღე გიორგი გახარიასგან, არასდროს გვითქვამს, რომ გახარიამ დაბეჭდა თავის კომპიუტერზე

საზოგადოებრივი მოძრაობა  „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანის წარდგენის შემდეგ, საგამოძიებო უწყებისგან რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუღია.

მისივე თქმით, საქმეში გარკვევის მიზნით,  სავარაუდოდ, ხვალ ადვოკატები პროკურატურაში მეორე წერილს შეიტანენ.

„პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, ალბათ, უკვე ხვალ, ჩვენი ადვოკატები შეიტანენ მეორე წერილს, რომ გავერკვეთ სად დგას საქმე, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, დაველოდებით ძალიან მშვიდად მათ პასუხს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ამბობს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებისთვის იბრძოლებს.

„ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ პროკურატურის დემონტაჟი, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ისევე როგორც სასამართლო სისტემის, ძალიან სწრაფად, ერთხელ და სამუდამოდ კანონიერი, სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება“, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, „პარლამენტში თქვით, რომ გახარიასგან მიიღეთ მუქარის წერილი, პროკურატურასთან განაცხადეთ, რომ მუქარის ავტორი პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ხომ არ შეიცვალა ადრესატი“, ხაზარაძემ უპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა.

„გითხარით, რომ ვისი დაწერილია ეს წერილი, გახარიასი, ბიძინა ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ. არანაირი ორი, ასე ვთქვათ, განსხვავებული რამ არ მითქვამს. წერილი მივიღე გიორგი გახარიასგან, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გიორგი გახარიამ დაბეჭდა ეს თავის კომპიუტერზე. მისგან მივიღეთ ეს წერილი, წერილის დედანი ჩავაბარეთ პროკურატურას, შესაბამისად, ვთქვი, რომ ვისი დაწერილია წერილი, ბიძინა ივანიშვილის, მდივნის, გახარიასი თუ სამივესი ერთად, თუ ეხმარებოდა ნაცვლიშვილი და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს ნორმალურ ქვეყანაში უნდა ადგენდეს პროკურატურა. იმედია, ძალიან მალე ეს ყველაფერი შეიცვლება. თუ ეს ყველაფერი უახლოეს ერთ წელიწადში არ მოხდა, პირობას გაძლევთ, რომ გამოძიება ბოლომდე მივა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში  ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები 21 ოქტომბერს  წარადგინა.

მაშინ ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ  განაცხადა,  რომ ექსპერტიზამ წერილზე 17 ანაბეჭდი აღმოაჩინა. იმ პირების იდენტიფიცირება კი, ვისაც ანაბეჭდები ეკუთვნის, კორძაძის თქმით, გამოძიების პრეროგატივაა.