მამუკა ხაზარაძე - ვინც არ უნდა მოვიდეს მოწმის სახით პროცესზე, შავით თეთრზე წერია, რომ ყველაფერი იყო კანონიერი
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან პირველ ექვს თვეში დემონტაჟი გაუკეთდება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ეს „ლელოს“ მთავარი მიზანი და უპირველესი ამოცანა იქნება.
„ეს ის სასამართლო და პროკურატურაა, ასევე ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომლებიც სააკაშვილისგან გადმოიბარა ივანიშვილმა, მოირგო და პოლიტიკური გავლენების შესასრულებლად იყენებს. ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა „ლელო საქართველოსთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ასევე მისი თქმით, ის ელოდება, როდის დაიბარებენ წერილთან დაკავშირებით დაკითხვაზე გიორგი გახარიას.
„ველოდები, როდის დაიბარებენ გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა მუქარის წერილი, რომლიც ერთი წელია, ჰაერშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ა.შ. მესამე საკითხი არის ის, რომ უკვე წელიწადია „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული კიბერშეტევა გამოუძიებელია, გახარიას შს მინისტრობის დროს. ასევე კითხვას ვსვამ, როდის იქნებიან მხილებული პირები, რომელთა ბოტების და ტროლების ფაბრიკა რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა” დაკეტა. ეს არის ძირითადი საკითხები, რაც გვაინტერესებს და, რაც საზოგადოებას აინტერესებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, საქმეში, რომლის განხილვა მიმდინარეობს, ყველაფერი იყო კანონიერი .
„ვინც არ უნდა მოვიდეს მოწმის სახით ამ პროცესზე, შავით თეთრზე წერია, რომ ეს ყველაფერი იყო კანონიერი, არანაირი შეხება ამ ტრანზაქციას არაკანონიერთან არ აქვს. მით უმეტეს, ფულის გათეთრებასთან“, – განაცხადა ხაზარაძემ დ აღნიშნა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის სცენარი იყო.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც.