მამუკა ხაზარაძე - ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით
მამუკა ხაზარაძე - ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, პირდაპირი და გულახდილი.

„გერმანია, ისევე, როგორც საფრანგეთი, არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ საკმაოდ სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია შეუძლიათ, მიიღონ ქვეყნის ასპირაციაში, რაც არის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება. პრობლემა ძალიან ბევრია. ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც, სამწუხაროდ, არ სრულდება. განწყობა არ იგრძნობა, რომ ეს მალე შესრულდება. ბუნებრივია, შევეხეთ სხვა საკითხებსაც.

ისტორიული მიზნის მისაღწევად მთელი ერი თუ არ გავერთიანდებით – არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები და არ გადავდებთ ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის, არ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ საკითხს უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გავუშვებთ ისტორიულ შანსს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, თითოეულ მოქალაქეს, ყველას მოვუწოდებ, რომ მომავალი თაობა არ გვაპატიებს გაშვებულ შესაძლებლობას, თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ წლის ბოლოს. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ჩემი პოზიცია პირდაპირია, ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის”, „ლელოს“, „პარტია საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები.