მამუკა ხაზარაძე - პოლიტიკაზე, რაიმე საქმეზე ვიდრე დავიწყებთ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ, პოლიტიკა ბინძური იქნება, ვიდრე ველი არ გაიწმინდება
არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ, ვიდრე პოლიტიკაზე ან რაიმე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, არც ერთი საქმე არ გამოვა, თუ ადამიანს სიტყვისა და თავისუფლების ფასი არ ეცოდინება. როგორც ხაზარაძე ამბობს, მას სჯერა, რომ ქართულ პოლიტიკაში „ლელო“ ამ სტანდარტს დაამკვიდრებს.
„ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,“ – ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან. ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ – იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არც ერთი საქმე არ გამოვა, თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი; თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას. პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ. ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებითა და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება. ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი – ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში“, – წერს მამუკა ხაზარაძე.