მამუკა ხაზარაძე - ვფიქრობ, გამოსავალს ვნახავთ, შეხვედრაზე ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი, რომელიც თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა, თუმცა მისი გასაჯაროება ამ ეტაპზე არ შემიძლია
გამოსავალი არის მხოლოდ მომავალში. ამიტომ, ვფიქრობ, პროცესი სხვა კატეგორიაში, სხვა დონეზე გადავიდა და იმედი მაქვს, თუ ხელისუფლება იქნება გონივრული, მოქნილი ამ საკითხების გადაწყვეტაში, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს, ვფიქრობ, გამოსავალს ვნახავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, შეხვედრაზე ექვსპუნქტიანი დოკუმენტი შეადგინეს, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება.
„კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ დღეს არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ. კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ ვიდრე მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ვნახავთ. ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი. ეს დოკუმენტი თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა. მე ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შევნიშნე, რომ ღარიბაშვილმა საუბრის რაღაც ნაწილი დაუთმო ისევ წარსულს და მერე შევთანხმდით, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც დაესწრნენ.