მამუკა ხაზარაძე - ვერასდროს წარმოვიდგენ, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი გავხდე, გამორიცხულია
ვერასდროს წარმოვიდგენ, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი გავხდე, გამორიცხულია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ გვაქვს ბევრი განსხვავება. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი გავხდე, გამორიცხული ამბავია. ეს არის ჩვენი, „ლელოელების“ და ძალიან ბევრი თბილისელის ამბავი. არანაირი ნიშნისმოგებით არ ვლაპარაკობ. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შეიძლება, ვერ გახდეს სხვა პარტიის წევრი. აქ სხვა რამეზეა საუბარი.
კვლევაც ჩავატარეთ და ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად დაინახა, რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ კოალიციურ მართვაზე და ის ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი, დაინახა, რომ ეს რისკის შემცველი ნაბიჯია და არა იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრების მიზანი ყოფილიყო, რომ მერის მოადგილე ვყოფილიყავი და პარლამენტიდან წამოვსულიყავი. არა, უბრალოდ ჩვენმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პროგრამებზე, კოალიციურ მართვაზე, გამჭვირვალობაზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.