მამუკა ხაზარაძე - ვერ შეგვაშინებს პანდემია, დარწმუნებულნი ვართ, არჩევნებზე ხალხი გამოვა და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის, გაზაფხულზე 15 შემთხვევა იყო და ქვეყანა ჩაკეტეს, დღეს არანაირი ზომები არ არის მიღებული, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები არჩევნებზე ყველა წესის დაცვით აუცილებლად მივლენ.
„გაუგებარია, როდესაც გაზაფხულზე 15 შემთხვევა იყო, ქვეყანა გამოკეტეს, დღეს 500-ს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და ყველაზე ბევრი შემთხვევა არის აჭარაში, არანაირი ზომები არ არის მიღებული აჭარასთან მიმართებით. არანაირი მოქმედება არ დაიწყო ხელისუფლებამ, ეს იწვევს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა არის ჩაკეტილი საზღვრების მქონე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის. მათ იციან, რომ აქტიურობა არჩევნებზე არის მათი საბოლოო დამარცხება, რაც ისედაც მოხდება. ეს უკვე არის შეგუება იმისა, რომ ადამიანებს უთხრა, პანდემიის გამო იყავით სახლში, ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ძალიან ორგანიზებულად. ჩვენ ვერ შეგვაშინებს პანდემია, დავიცავთ ყველა წესს, მაგრამ არჩევნებზე დარწმუნებული ვართ, ხალხი გამოვა და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება იქნება „ოცნების“ ხელისუფლების დამთავრება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ამასთან, კითხვაზე, „ხომ არ მიუშვა ხელისუფლებამ ეპიდსიტუაცია მიზანმიმართულად“, ხაზარაძე აცხადებს, რომ ამის სერიოზული ეჭვი აქვს.
„არ მინდა, ეს დასკვნა გავაკეთო, თუმცა მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ შეიძლება ყველაფერი ამას ემსახურებოდეს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.