მამუკა ხაზარაძე - ბატონმა გახარიამ აგვიხსნას, მისი შს მინისტრობის დროს რა მიზნით გვისმენდა მე, მეუფე თეოდორეს და ათასობით მოქალაქეს
გავრცელებული მასალებით ირკევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენების, თვალთვალის მახინჯი სისტემა, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადასტურებს, რომ მეუფე თეოდორესთან მისი საუბრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილია და ტექსტი ავთენტურია.
„ბოლო დღეებში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მედიასაშუალებებით გაშუქდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ფაქტები, რომელთა ნაწილის ავთენტურობა და რეალურობა დაადასტურა რამდენმე საჯარო პირმა. ეს ფაქტები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაბამისი სახელმწოფო სტრუქტურების წარმომადგენლები მასობრივად აწარმოებენ უკანონო თვალთვალს, პირადი საუბრების მოსმენას და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებას. გავრცელებული მასალებით ირკევა, რომ უსმენენ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს და სასულიერო პირებს. „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ისინი აშინებენ, აშანტაჟებენ ადამიანებს და ამით სურთ ძალაუფლების განმტკიცება და ხელისუფლების შენარჩუნება.
ხელისუფლება დიდი მონდომებით ირგებდა ამ წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველის იმიჯს, პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდა და ყველა სხვას ანტიეკლესიურ ძალებად რაცხავდა. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებს – მაღალ იერარქებსა თუ ზოგადად სასულიერო პირებს უსმენს და უთვალთვალებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ისინი არამარტო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფას ახდენენ, აშანტაჟებენ და მათ დისკრედიტაციას ახდენენ, არამედ უხეშად არღვევენ კონსტიტუციას, როცა ასე ბინძურად და უკანონოდ ერევიან ეკლესიის შიდა საქმეებში, ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მე, მამუკა ხაზარაძე, ვადასტურებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეუფე თეოდორესთან საუბრის შესახებ ნამდვილია. ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას. ეს ცხადად ადასტურებს იმას, რომ მაშინ ჩემი, როგორც ჯერ კიდევ ბიზნესის წარმომადგენლის და მაღალი სასულიერო იერარქის საუბარს უკანონოდ ისმენდნენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიკითხოს მეუფე თეოდორესთან სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე.
„პროკურორებმა შეწყვიტონ ე.წ. ფულის გათეთრების შეთითხნილ საქმეზე ჩემი სასამართლოებში ტარება და დაუყოვნებლივ დამკითხონ დანაშაულის უტყუარ ფაქტზე – ჩემი და მეუფე თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე. მოვითხოვ, ბატონმა ღარიბაშვილმა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე საუბარი და საზოგადოებას უთხრას, 2012 წელს პირადად როგორ გადაიბარა უკანონო თვალთვალის მანკიერი სისტემა შს მინისტრისა და შემდეგ პრემიერის რანგში. როგორ ხელმძღვანელობს ფარული თვალთვალისა და შანტაჟის სამარცხვინო სისტემას.
მოვითხოვ, ბატონმა გახარიამ შეწყვიტოს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აგვიხსნას, მისი შს მინისტრობის დროს რის საფუძველზე და რა მიზნით გვისმენდა მე და მეუფე თეოდორეს და კიდევ ათასობით მოქალაქეს. მოვითხოვ, „ოცნების“ თითოეულმა კოლეგა-პარლამენტარმა ამომრჩევლებს ჩააბარონ ანგარიში, თუ როგორ მოახერხეს ქვეყნის იმავე ჭაობში ჩაძირვა, საიდანაც 2012 წელს ამოსვლას ჰპირდებოდნენ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი თავისუფლება; დავიცვათ მასწავლებლები და ჟურნალისტები, დავიცვათ ბიზნესი და დიპლომატიური კორპუსი, დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება, დავიცვათ ეკლესია უკანონო და ბინძური ჩარევებისგან, ჩვენ 2 ოქტომბერი უნდა ვაქციოთ ხელისუფლების ცვლილების რეფერენდუმად“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.