მამუკა ხაზარაძე - უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ლანჩხუთის რეგიონალური ოფისის გახსნის დროს, „ლელოს“ საპროგრამო მესიჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს ოთხ წელში საქართევლოში სამუშაო ადგილების რაოდენობა 200 000-ით გაიზრდება და ქვეყანა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდება.
„ბოლო წლების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი დაპირება, რომ გაგვეზრდება პენსია ან შემოსავალი. ბოლოს ვართ იქ, სადაც ვიყავით. ბოლო რვა წლის განმავლობაში რაც გაიზარდა, ეს არის სახელმწიფო ვალი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გადასახდელია. ერთ სულ მოსახლეზე ვალი 2400 ლარიდან 7400 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ადამიანებს არ გაზრდიათ შემოსავალი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ უახლოეს წლებში გავაორმაგებთ საქართველოს ეკონომიკას და გავაორმაგებთ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე. უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით და საქართველო გახდება მიზიდულობის ცენტრი, სადაც, პირველ რიგში, შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ემიგრანტებს დავაბრუნებთ ქვეყანაში. პოლიტიკაში ჩემთვის მთავარია სიტყვა, მისი ფასი და ამას ჩვენ დავაბრუნებთ,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.