მამუკა ხაზარაძე - „თიბისი ბანკ ჯგუფის“ აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემს თავმჯდომარედ და ბადრი ჯაფარიძის მოადგილედ არჩევას
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკ ჯგუფის“ აქციონერებმა ხმა მისცეს დირექტორთა საბჭოში მის თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.
ხაზარაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას.
„თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.
ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, – წერს მამუკა ხაზარაძე.