მამუკა ხაზარაძე - თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები გიორგი მარგველაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე დღეს თელავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა“ გააცნეს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებაზე თელავისა და რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მამუკა ხაზარაძემ უპასუხა.
„ყველაფერი იწყება ცნობადობით მთელ მსოფლიოში. ბაზარე რომ გახვიდე, გჭირდება ცნობადობა, ვიღაცამ უნდა იცოდეს შენი სახელი. საქართველოს ისტორიულად აქვს უზარმაზარი ცნობადობა, პირველი, ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს 8000-წლოვანი უწყვეტი რთველი, გვაქვს ქვევრი – მსგავსი არავის აქვს მთელ მსოფლიოში. იცის ეს მსოფლიომ? არ იცის. ვიღაცას ჰგონია, რომ იცის, მაგრამ არ იცის იმიტომ, რომ ამას ჩვენ ვერ ვთარგმნით შემოსავალში. მეორე, ჩვენ გვაქვს უნიკალური ზონები, ახაშენის, ქინძმარაულის, მუკუზანის, რაჭაში ხვანჭკარის, მანავი და ა.შ. ვიყენებთ ამას? ვერ ვიყენებთ, არეულია ეს ყველაფერი. მეღვინეობა იწყება მევენახეობიდან და იწყება ხარისხიდან. შესაბამისად, ჩვენ მთელი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ხარისხზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფასი უნდა მერყეობდეს ორ ლარამდე, თეთრ ღვინოზეა საუბარი, თუ ხარისხი იქნება მიღწეული. ამას ბევრი რაღაც სჭირდება. დროის სიმცირის გამო ამ დეტალებში არ შევალ. მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი – თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში. ამისათვის საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, იგი უნდა გაიხსნას და პირდპაირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მსოფლიოში არის 50 მილიონი რეგისტრირებული ღვინის მოყვარული, რომელიც წელიწადში ხარჯავს მინიმუმ 600 დოლარს.
„50 მილიონი კაცი წელიწადში ერთხელ მინიმუმ ერთ ღვინის შატოს სტუმრობს მსოფლიოში და ხარჯავს მინიმუმ 600 დოლარს, გაცილებით მეტს ხარჯავს, მაგრამ ძალიან მინიმალურს გეუბნებით. ეს მთლიანობაში არის 30 მილიარდი. პირველ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება ერთი პროცენტი, რომ წამოვიღოთ 30 მილიარდიდან თელავში, კახეთში. ეს ნიშნავს, რომ სუბსიდიები ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და ფული ჩაიდოს ქართული ღვინის ხარისხში და სარეალიზაციო და მარკეტინგში ისე, რომ აქ გლეხმა და ფერმერმა მიიღოს კარგი შემოსავალი, რომ გასაღების ბაზარი გავხსნათ. ამავე დროს, ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავაფინანსოთ საერთაშორისო ჩარტერები, რომლებიც თელავსა და კახეთს მთელი წლის განმავლობაში ამუშავებს, რადგან ღვინის ტურები და თვითმფრინავის დაქირავება დღეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, ამ ერთი ოპერაციით ჩვენ შევქმნით იმას, რომ პირველ წელიწადს კახეთს ჩვენ მოვუტანთ 300 მილიონ დოლარ შემოსავალს. გადაითვალეთ, ერთ სულ მოსახლეზე რა გამოდის, დაახლოებით მილიარდი ლარი და ეს იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გსტუმრობს, ხდება ღვინის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც მიდის. ეს არის აბსოლუტურად რეალური და პირველი, რითიც უნდა დავიწყოთ, არის თელავისა და კახეთის მთელ მსოფლიოში გაპიარება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.