მამუკა ხაზარაძე - თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, მივმართავ ოპოზიციონერებს, მოდით, ამ იდეის გარშემო დავიწყოთ ფიქრი
თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი უნდა თქვან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე მერობის პოსტზე.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, მერობის კანდიდატი უნდა იყოს მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად შეიმუშავებენ.
„დღეს პირველად მომიწევს ჩემი და „ლელოს“ იდეის გაჟღერება. მინდა კარგად ავხსნა, რა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სხვანაირად ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, მხედველობაში მყავს ოპოზიცია. დავისახოთ რამდენიმე კონკრეტული მიზანი. სტრატეგიული, შემოდგომის არჩევნების მიზანი, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 % ვერ დააგროვოს. ეს არის სტრატეგიული მიზანი რადგან 2022-ში ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები.
ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანას მოევლინოს კოალიციური მთავრობა და ამ კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანამ დადოს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გეგმა.
ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდა გველოდება შემოდგომაზე. ვფიქრობ ჩვენი ფორმულა არის შემდეგი. ჩვენ უნდა ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენს ამომრჩეველს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე ჩვენ კოალიციური მმართველობა გვქონდეს. ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე მერობის პოსტზე. თუ მხოლოდ თბილისის განლაგებას ავიღებთ, ეს არ უნდა იყოს ერთი მოცემულობა, რომ ერთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დაუჭიროს მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერს მხარი. ეს არ იმუშავებს და ჩვენ დავკარგავთ იმ ამომრჩეველს რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი
გამოსავალი არის შემდეგი – თბილისი უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკა. თბილისს სჭირდება ძალიან სერიოზული განვითარების გეგმა. ამაში არ ვგულისხმობ ლურჯი ან ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას. დაიღალა ხალხი იმის მოსმენით, რომ კიდევ ახალი ავტობუსები ჩამოდის ქალაქში. თბილისს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი, უამრავი პარამეტრის მიხედვით. თბილისის თავი, ანუ მერი, არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი. მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად შეიმუშავებენ. სხვა შემთხვევაში იქმნება ალიაქოთი და დაპირისპირება“,- აცხადებს ხაზარაძე.
მისივე თქმით, მეურნე ადამიანი უნდა იყოს ზეპარტიული.
„ჩვენ გვავიწყდება მთავარი, ჩვენი ქალაქი, მისი ქუჩა, მოშიმშილე ბავშვები, დაბინძურებული მტკვარი. ამ ყველაფერს ერთი პარტიის ძალისხმევა და ერთი ლიდერი არ ეყოფა, თუ ძალები არ გავაერთიანეთ.
მეურნე ადამიანი უნდა იყოს ზეპარტიული, ან ძალიან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი, რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვეტყვით, რომ ჩვენ დავუდგებით გვერდში, გეგმას დავდებთ და ერთხელ პრეცედენტს დავუშვებთ, რომ გავაკეთებთ საქმეს, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში.
მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ მოდით ამ იდეის გარშემო დავიწყოთ ფიქრი. ჩემთვის მთავარი მერობა კი არ არის, ჩემთვის მთავარია, რა შეგვიძლია ჩვენ ამ ქალაქისთვის გავაკეთოთ“,- აცხადებს ხაზარაძე.