მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ვიდრე მართლმსაჯულების შესახებ კანონმდებლობა არ შეიცვლება, მოსამართლეების არჩევა უნდა შეჩერდეს
მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ვიდრე მართლმსაჯულების შესახებ კანონმდებლობა არ შეიცვლება, მოსამართლეების არჩევა უნდა შეჩერდეს

მოვითხოვთ შარლ მიშელის დოკუმენტის ზედმიწევნით შესრულებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, ფრაქცია „ლელო“ ბოიკოტს მიმართავს.

„პატარ-პატარა ცვლილებები მერე რა მოხდას პრინციპით ტარდება. ეს არის პრობლემა. მერე რა მოხდა, ახლა მოსამართლეებს გაესაუბრებიან. მერე რა მოხდა, მოსამართლეებს დასამტკიცებლად შემოუტანენ, აბა ხომ არ გაჩერდება სასამართლო სისტემა და მერე რა მოხდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ცოტა გადავუხვიოთ. ამნისტია ისე არ მივიღოთ, როგორც მოლაპარაკებული ვიყავით. მერე რა მოხდა, რომ ახლა 40 პროცენტიც შემოვიტანოთ. ამ „მერე და მოხდამ“ და ამ გაგებამ საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაშიც ვართ.

ჩვენ მოვითხოვთ შარლ მიშელის დოკუმენტის ზედმიწევნით შესრულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეების წარდგენა, არჩევა და დამტკიცება უნდა შეჩერდეს. ჩვენ უკიდურესი ზომა ვთქვით, ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამ პროცესს იმიტომ, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ ჩააბეტონებს ე.წ. კლანს, იმ უსამართლო სასამართლოს და მოსამართლეების ტრადიციას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა თავისთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესასწავლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან თუ არა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ „ლელო“ პარლამენტში მიშელის დოკუმენტის შესასრულებლად შევიდა, იქ კი წერია, რომ პირველ რიგში კანონის მიღება უნდა მოხდეს და შემდგომ მოსამართლეების არჩევა.

„წაიკითხეთ შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ვიდრე მართლმსაჯულების შესახებ კანონმდებლობა არ შეიცვლება და კონსტიტუციაში არ ჩაიწერება ახალი ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა უნდა შეჩერდეს. ამას მოვაწერეთ ხელი. როგორ შეგვიძლია მოსამართლეებთან გასაუბრებაში მივიღოთ მონაწილეობა, როცა პარლამენტში მიშელის დოკუმენტის შესასრულებლად შემოვედით, სადაც წერია, რომ ჯერ კანონი უნდა მივიღოთ და მერე დავიწყოთ ახალი პროცესით მოსამართლეების არჩევა“, – განაცხადა ხაზარაძემ.