“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე “მარშალის გეგმას” განავრცობს და, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ეკონომიკურად გაძლიერების პირობებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პერსსამსახური ავრცელებს.
„ყველა საარჩევნო გამოსვლა, რომელიც მე აქამდე მომისმენია, იყო პროპაგანდა, რომ ისინი შექმნიდნენ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებდნენ ეკონომიკას. თუმცა, ეს არავის მიუყვანია ფინალამდე, რადგან ქვეყანაში არ შექმნილა ძლიერი საშუალო ფენა, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს და საზოგადოების ხერხემლად იქცეს. ჩვენი ამოცანაა, ოთხ წელში შევქმნათ ძლიერი საშუალო ფენა, გადავხედოთ დღევანდელ რეალობას, თბილისშია ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი თავმოყრილი, რადგან ეს ხალხი სხვაგან ვერ საქმდება და ეს არის ხელისუფლების პრობლემა. „ლელოს“ გეგმაა, თბილისი უფრო მეტად განვავითაროთ, ხოლო სხვა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა მოსახლეობამ შეძლოს არჩევანის გაკეთება, სად უნდა იმუშაოს და სად გაჯანსაღდეს ეკონომიკურად“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში თუ ეკონომიკური ნახტომი არ განხორციელდა, არსებული ჭაობიდან საქართველო ვერ ამოვა.
„საქართველო უნდა გახდეს ხარისხის ქვეყანა, არაფერი უხარისხო არ უნდა შემოვიდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ ვართ ის ერი, დარჩენილი, გაფუჭებული და მესამე ხარისხის პროდუქცია მივიღოთ. არ უნდა შემოვიტანოთ და არ უნდა გავიტანოთ მსგავსი პროდუქცია. Made in Georgia უნდა გახდეს ბრენდი. ასევე მნიშვნელოვანია, განვავითაროთ რეგიონები და დიდი ქალაქები – ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია, თელავი, რაჭა და სხვა. კულტურისა და ჩვენი იდენტობის წინ წამოწევის გარეშე ვერ განვვითარდებით. უნდა შევინარჩუნოთ ოქროს შუალედი – უნდა განვვითარდეთ, მაგრამ არ დავკარგოთ ჩვენი კულტურა. როდესაც ვლაპარაკობ რეგიონულ განვითარებაზე, განგიმარტავთ, რა მაქვს მხედველობაში. კახეთი – ღვინის მხარე; ანაკლია დაკავშირებულია ღრმაწყლოვან პორტთან და ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე; ქუთაისი უნდა გავხადოთ ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი. ბათუმში უნდა განვავითაროთ სანაოსნო და საზღვაო ინდუსტრია, ამის ყველა რესურსი გვაქვს. აი, ეს მოგვცემს იმის საფუძველს, რომ განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.