მამუკა ხაზარაძე - საქართველო საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროში წარმატების ისტორიები შექმნეს
საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროში შექმნეს წარმატების ისტორიები, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ანაკლიაში, საზოგადოებრივი მოძრაობის – „ლელოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ერთად შეიკრიბნენ პროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან.
„ვინ ვართ ჩვენ და რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ. ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით და ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვკრიბა აქ აბსოლუტურად სხვა რეალობამ, სხვა რეალობამ, რადგან საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროში თქვენნაირად შექმნეს წარმატების ისტორიები. ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მან აღნიშნა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო სულ ერთი წრის გარშემოა.
„რატომ ვართ სულ იმ მდგომარეობაში, მოჯადოებულ წრეში. საქართველომ ბევრი დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს და რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს – ხალხი, რომელიც გადის ქვეყნიდან. მესმის იმ ადამიანების, როცა საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეკონომიურად, ენერგეტიკულად და მათ დატოვეს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არ მესმის, დღეს წარმატებული ადამიანები რატომ არიან ამ აზრით შეპყრობილი. ადამიანები, რომლებმაც შექმნეს წარმატება აქ. რატომ მესმის ჩემს სამეგობროში და თქვენს სამეგობროში, რომ ალბათ მეც უნდა წავიდე, რადგან ჩემი განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ გავხდით ჩვენ ასეთი უიმედოები, რატომ აღარ გვაქვს ჩვენ სახელმწიფოებრივი გრძნობა იმისა, რომ ამას ერთად გავარღვევთ ყველაფერს და შევქმნით აბსოლუტურად ახალ რეალობას“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს, ქართულ ეკონომიკას დღეს ემიგრანტები ასაზრდოებენ, რომლებიც ყოველთვიურად უზარმაზარ თანხას რიცხავენ ქართულ ეკონომიკაში, საქართველოში თავიანთი ოჯახების გასამაგრებლად.
„ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე გარედან შემოსული ფინანსური ინვესტიციები ქვეყანაში. რასთან გვაქვს საქმე, ერთის მხრივ, ვითომ „იზი დუინგ ბიზნესში“ ვართ მოწინავე ადგილას და მეორე მხრივ, ვარდნა გვაქვს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით. თუ გადახედავთ მსოფლიო ბანკის კვლევას, ბედნიერების ინდექსის შესახებ ქვეყნებზე, პირველ ხუთ ადგილას არის ჩვენი ზომის ქვეყნები, ჩვენი ზომის ტერიტორიით, ხალხის რაოდენობით. მაშინ რა გვჭირს ჩვენ, რატომ არ გვაქვს ასეთი მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანაც იყოს ამ ხუთეულში ან თუნდაც ათეულში; რატომ ვერ დავისახეთ ასეთი მიზანი“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე ხაზარაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მიზანი უნდა იყოს დასახული.
„ჩვენ უნდა შევეჯიბროთ არა ჩვენს უკან ან ჩვენი დონის ქვეყნებს და მაჩანჩალა ქვეყნებს, არამედ უნდა დავისახოთ მიზანი, რომ ყველა სფეროში ვიყოთ მოწინავე ქვეყანა. ამის უზარმაზარი პოტენციალი გაგვაჩნია და ეს პოტენციალი თქვენ ხართ, აქ და ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ემიგრაციაში იმყოფებიან. ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დღეს გაგვათითოკაცეს, დაგვაპირისპირეს ამა თუ იმ პოლიტიკოსებმა, რადგან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაზე უფრო მარტივია გათიშო და იბატონო. აი, ამ რეალობაში ვართ ჩვენ დღეს და ქართველს მოერია ყველაზე ცუდი რამ – ნიჰილიზმი და უიმედობა. ეს უნდა დაბრუნდეს, აი, ეს უნდა გავარღვიოთ ჩვენ. იმიტომ მოვედით დღეს აქ, ანაკლიაში, რომ აქედან ვუთხრათ მთელ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ქვეყანას, რომ აი აქედან დაიწყება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და ასე შემდეგ.