მამუკა ხაზარაძე - სანამ სული გვიდგას და ჯანი გვაქვს, უნდა დავდოთ ყველამ ლელო
სანამ სული გვიდგას და ჯანი გვაქვს, უნდა დავდოთ ყველამ ლელო, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფლება არის ცნება, რომელიც დგას ყველაფერზე მაღლა.
„არსებობს ცნება, რომელიც ყველაფერზე მაღალია, პარტიაზე ან თითოეულ ჩვენგანზე. ეს ცნება არის თავისუფლება. ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო და არ დაფიქრდე უკან რას ტოვებ. ეს მომენტი ჩემთვის 20-ში დადგა, როდესაც ჩვენ ჩვენს თავისუფლებას, ღირსებას, ჩვენს დამოუკიდებლობას, რომელსაც 30 წელი სხვადასხვა თაობა, უზარმაზარი ენერგია, სისხლი და შრომა შეალია ამ შენობაში, პარლამენტში, ჩვენს ღირსებას ლაფის დასხმა მოუნდომეს. აქ ჩვენი ახალგაზრდა მეგობრების წარწერა წერია „გამოდი გარეთ“, ხო და მე გამოვედი. გამოვედი, რადგან თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი არ ვარგა, არც ქვეყანა და არც ადამიანი არ ვარგა. გამოვედი, რათა თქვენთან ერთად დავდოთ ის მომავალი განვითარების პერსპექტივა, რომელიც სამწუხაროდ, არასდროს არ დადებულა, არ დადებულა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, გარკვეული წარმატებების მიუხედავად, არ არსებობდა მიზანი, სად უნდა წასულიყო ქვეყანა.
„ჩვენ გვქონდა რაღაც წარმატებები, მაგრამ სულ ვიღაცის წინააღმდეგ გამოვდიოდით, სულ ვიღაცას ვეომებოდი. ამას ვაკეთებდით, მაგრამ ამავე დროს კონკრეტული მიზანი არ გვქონდა, ჩვენი ქვეყანა სად უნდა წასულიყო. ამიტომ, როცა აქ წერია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ ჩვენ. ეს ქვეყანა ან შეძლებს ძალიან მოკლე დროში, ეს მოკლე დრო ერთი წელია, მობილიზებას, პროგრამის დადებას და ძალიან სწრაფ ცვლილებებს, ან ჩვენ ვართ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე, უმუშევრობის, ეკონომიკური ვარდნის, ინვესტიციის არშემოსვლის, გაურკვეველი ვექტორის, დახლეჩილი საზოგადოების. ბევრი პრობლემა გვაქვს და პირველ რიგში გაერთიანებით უნდა დავიწყოთ, დავიწყოთ თავისუფლების გარეშე გაერთიანებით.
მინდა, გამოღვიძებისთვის ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო. სანამ სული გვიდგას და ჯანი გვაქვს, უნდა დავდოთ ყველამ ლელო. უნდა გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ, ჩვენს გულებში ხიდები ავაშენოთ და ერთმანეთს მივუტევოთ. ღვარძლი ამოვიღოთ და წარმატებას მხარში დავუდგეთ. ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენს სამსახურში მიგულეთ. სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ. ჩვენი შვილების ტვინებს რეცხავენ რუსული კაპიტალით. არ აყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის. ამ ქვეყნის მიმართ ყველა გამჭვირვალე უნდა ვიყოთ. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ. არც ერთ ჩემს საქციელზე სიტყვას უკან არ წავიღებ, არც ერთ ჩემს მოქმედებაზე უარს არ ვიტყვი. შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ საქართველო მიყვარს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.