მამუკა ხაზარაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის მცდელობა, საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს აჩვენონ, თითქოს აქ რაღაც ცვლილებები იგეგმება
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის მცდელობა, საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს აჩვენონ, თითქოს აქ რაღაც ცვლილებები იგეგმება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პუნქტი თუ არ შეთანხმდება, ცალკეულ ინიციატივებს პერსპექტივა არ აქვს.
„ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცის მცდელობა, რომ საზოგადოებას და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აჩვენონ, თითქოს აქ რაღაც ცვლილებები იგეგმება. კიდევ ვიმეორებ, პრეზიდენტმა მიშელმა და ბატონმა დანიელსონმა ძალიან ნათლად ჩამოაყალიბეს ის პუნქტები, რომელიც უნდა შესრულდეს, თუ გვინდა ახალი ეტაპი და განვითარება. ამიტომ ყველა პუნქტი თუ არ შეთანხმდა, ცალ- ცალკე ნებისმიერ ინიციატივას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების თემა და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იქნა ხაზგასმული“, – განაცხადა ხაზარაძემ.
საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირება იგეგმება. პარლამენტში აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დარეგისტრირდა.