მამუკა ხაზარაძე - საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.
როგორც მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, მისი დღევანდელი განცხადება არ გულისხმობდა მინისტრის სქესს.
„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური. თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).
მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.
მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია, ისევე როგორც „ოცნების“ მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით. საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე“, – წერს ხაზარაძე.