მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გაგვიჩნდა მეტი მოტივაცია, გავაგრძლოთ ბრძოლა, რათა ქვეყანაში დამთავრდეს პოსტსაბჭოური მენტალიტეტი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ხაზარაძემ ჟუნრალისტებს განუცხადა, საკითხი ეხება არა მათ საქმეს, არამედ ქვეყანას, რომელსაც აუცილებლად დააყენებენ ფეხზე.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღესასწაულები. როგორადაც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. წააგო, რადგან ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა, მეტი მოტივაცია მოგვცა, გავაგრძლოთ ბრძოლა, რათა ქვეყანაში დამთავრდეს პოსტსაბჭოური მენტალიტეტი, ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი მართმსაჯულება.
ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღდმეგ სამი წლის განმავლობაში გრძელდება, არის შოუ, რათა გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია – სიღატაკე, გაჭირვება, ემიგრაცია. დროა, თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე გონს მოვეგოთ და ვთქვათ, რომ ამ შოუებით კი ვერ გავალთ ფონს, არამედ რეალურად ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული ცვლილებები, სერიოზული რეფორმები და გამოსავალი იმ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც ქვეყანა ჩავარდა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, გუშინწინ ჩამოვედი, სამი დღით ვიყავი დუბაიში და მინდა, გითხრათ, რომ ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნდა ქვიშა, არ გააჩნდა წყალი, დღეს არის წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში. ჩვენ ღმერთის წყალობით, წყალიც გვაქვს, ქვიშაც, მიწაც, ყველანაირი ზონა აგროკულტურისთვის, მთა, ბარი, ტბა, მდინარე, ზღვა და ვართ უღარიბესი ქვეყანა, რადგან ასეთი სისტემაა ქვეყანაში, ასეთი სასაამართლოა, ესეთი პროკურატურაა და ასეთი უსამართლობაა ამ ქვეყანაში. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ბრძოლა გაგრძელდება, დანარჩენ შედეგს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყანას აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.