მამუკა ხაზარაძე - საჭიროება როდესაც არ არის და სავალი გზა უნდა გადაიკეტოს ერთი ან ორი კარვით, ამის წინააღმდეგი ვარ
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არის, მიუღებელია.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, გზის გადაკეტვა მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის.
„კარვების დადგმა არის კონსტიტუციური უფლება და ვერავინ ვერავის აუკრძალავს პროტესტის გამოხატვის უფლებას. როდესაც ოპოზიცია იკრიბება და გარდაუვალი ხდება ქუჩის გადაკეტვა, ბუნებრივია, ეს პროცესი უმართავია და პროტესტის გამოხატვის ფორმა გადადის სხვა ამბავში. როდესაც საჭიროება არ არის და სავალი გზა უნდა გადაიკეტოს ერთი ან ორი კარვით, რომელიც ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას შეუქმნის დისკომფორტს, ამის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე განაცხადა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ. მათი ინფორმაციით, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან. ოპოზიციამ პიკეტი ხვალ დილით, პარლამენტის შენობასთან უკვე დააანონსა.