მამუკა ხაზარაძე - რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით მელიას განცხადება ჩემთვის მიუღებელია, ველოდები ახსნა-განმარტებას
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა აუცილებელია.
ხაზარაძე ფიქრობს, რომ ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული, რათა უსამართლობა გაპროტესტდეს.
ვფიქრობ, ყველა ტრიბუნა, ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული, რათა ამ ქვეყანაში უსამართლობა გაპროტესტდეს. ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან დეპუტატებისგან კვალიფიციურ კითხვებს და პასუხებს იმ აღვირახსნილ მოსმენებზე, რომლის მოწმეებიც ჩვენ ყველა გავხდით.
ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია სხდომის ჩანიშვნა და ლილუაშვილის, პრემიერის დაბარება იმის გასაგებად, თუ ვინ უსმენდა მოქალაქეს, საეკლესიო პირებს, რატომ უსმენდა, ვისი პასუხისმგებლობაა, რატომ იხარჯებოდა. ეს ყველაფერი უნდა იცოდეს საზოგადოებამ და პასუხისმგებელი პირები უნდა იქნას გარკვეული. სხდომის ჩატარებაა აუცილებელი, რათა ეს ამბავი იქნას გამოძიებული და პოლიტიკური შეფასება – მიცემული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ინიციატივასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიცია მიღებელია.
მე განვაცხადე, რომ შეფასება, რაც მოვისმინე ბატონი მელიასგან, ჩემთვის არის მიუღებელი. ველოდები, ალბათ იქნება ამის ახსნა-განმარტება. პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული ორგანო, სადაც წარმოდგენილია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამ დროისთვის ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.
ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.