მამუკა ხაზარაძე - „რენესანს კაპიტალის“ აქციონერი რუსია თუ ჰოლანდიელი, ჩვენი თემა არ არის
„რენესანს კაპიტალის“ აქციონერები ვინ არიან, ჩვენი თემა არ არის, ეს ჩვეულებრივი ბანკია, – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის ლიდერმა და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას.
კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ „თიბისი ბანკის“ წილების დაგირავების საკითხით „რენესანს კაპიტალზე“, რომელიც რუს ბიზნესმენ მიხეილ პროხოროვს უკავშირდება.
„ჩვენ დავაგირავეთ ეს თანხები და ვისესხეთ, რადგან ამ მთავრობის მიერ გაჩერებულ ანაკლიის პროექტში ჩადებული ვალდებულებები გავისტუმროთ.
ჩვენ დღესაც გვაქვს ვალდებულებები. როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესმენები, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დარჩეს ანაკლიაში რომელიმე ინვესტორი, რომელმაც ფული ჩადო და გადახდის გარეშეა.
„რენესანს კაპიტალი“ არის ინგლისური ბანკი. „რენესანს კაპიტალის“ აქციონერები ვინ არიან, რუსია თუ ჰოლანდიელი, ჩვენი თემა არ არის. ეს არის რეგულატორი, ჩვეულებრივი ბანკია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მიმართა, ფულის წარმომავლობაზე კითხვებით ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვან.
„კითხვები დაუსვით ბიძინა ივანიშვილს, რომლის შემოსავალი არის მთლიანად რუსული. მისი კომპანიის წილები არის რუსულ კომპანიებში და ეს ფული მიედინება პანამაში, „ირეცხება“ და შემოდის საქართველოში ე.წ ქველმოქმედების სახით და ვითომ აქ აკეთებს საქმეებს. „გაზპრომის“ აქციონერი მოიკითხეთ და ის თანხები, რომელიც იქაჩება პანამიდან და მერე შემოდის საქართველოში. ასევე მოიკითხეთ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი, რომელიც ფულს ათეთრებდა და ორჯერ აქვს რუსეთში ბანკი დაკეტილი. ეს არის გავრილოვი, ოღონდ სხვა გავრილოვზეა საუბარი. ეს ბანკი არის „პროგრესბანკი“, რომელიც არის მიჩუმათებული, რომელზეც არაფერი არ ხდება, გაქრა ეს ბანკი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.