მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები, როგორ მივალთ აქამდე, ეს ტექნიკის საკითხია, ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება არის პლებისციტი
პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები, პლებისციტი არის სწორედ ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ. ჩვენს მოქალაქეებს ვკითხოთ თავიანთი მომავლის ბედი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„თუ ადამიანებს ვეუბნებით, არჩევანი გააკეთოს, მაშინ რატომ არ უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022-ში“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, პროცესი ჩიხშია შესული, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი ამ ვითარებიდან, განვითარებაზე სტაბილური გადასვლაა.
„განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს ვკითხოთ, სჭირდებათ მათ თუ არა ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. „ლელოს“ აქვს ძალიან მყარი პოზიცია. ვფიქრობ, ეს არის ცივილური პოზიცია, ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, და ეს იქნება პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები. როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ეს არის ტექნიკის საკითხი, ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება არის პლებისციტის ჩატარება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პლებისციტთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.