მამუკა ხაზარაძე - ქართველი ხალხი არის ბრძენი, აუცილებლად ავაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, სადაც ოჯახის ღირსება და უამრავი რამ დაცული იქნება
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ადამიანი დაცული იყოს ძალადობისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაზარაძე საპატრიარქოს განცხადებასაც გამოეხმაურა.
„საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, გააჩნია ანტიდისკრიმინაციული კანონი. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ადამიანი დაცული იყოს ძალადობისგან.
ყველა ადამიანს ასევე აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, რაც არ მოსწონს. თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, ამ ქვეყანაში ყველას უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესი, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა, უნდა ვიმუშაოთ ძალიან სერიოზულად, მრავალშვილიანი დედების პრობლემაც არსებობს. ოჯახის პროპაგანდა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჩვენი ხვალინდელი დღის.
არ ვფიქრობ, რომ პარტიებმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მე რამე არ მომწონს, არ ნიშნავს ვინმეზე ვიძალადო. სახელმწიფო იმისთვის არსებობს და არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ ნებისმიერი დაპირისპირება და ძალადობა აღიკვეთოს. ქართველი ხალხი არის ბრძენი. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, სადაც ოჯახის ღირსება და უამრავი რამ იქნება დაცული“,- აღნიშნა ხაზარაძემ.
საქართველოში „თბილისი პრაიდის“ კვირეული ტარდება, რომელიც 5 ივლისს დასრულდება.
ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“.
„5 ივლისს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.