მამუკა ხაზარაძე - ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და რუსეთში, რათა შევქმნათ ემიგრანტთა მძლავრი გაერთიანება
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ახალ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც ემიგრანტებთან ერთად სპეციალური პლატფორმის შექმნას გულისხმობს.
„ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის 23%- მა დატოვა ქვეყანა! გამოკითხვების შედეგად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე თავისი სამშობლოს დატოვებაზე – გაქცევაზე ფიქრობს. მეტიც, ყოველი მესამე ახალგაზრდაა, ვინც ვერ ხედავს თავის მომავალს ამ ქვეყანაში და წასვლაზე ფიქრობს. სამწუხაროა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსი, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას დოვლათი და შექმნას მომავალი ამ ქვეყნის. მე, ჩემს გუნდთან ერთად, სერიოზულად ვმუშაობ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გვაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, ეს იქნება მძლავრი გაერთიანება, რომელიც იქნება დაფუძნებული საქართველოში. ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან უკვე გვაქვს კავშირი და ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანში და რუსეთში. ჩვენ უნდა შევქმნათ ემიგრანტთა მუდმივმოქმედი გაერთიანება ქვეყანაში ინვესტიციების, ცოდნის და ტექნოლოგიების დანერგვის და ამ ადამიანების უკან, სამშობლოში დაბრუნების მიზნით. ემიგრანტების ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ემიგრანტების ჩართულობა იყოს და ისინი მონაწილეობდნენ არჩევნებში. მინდა, მოგიწოდოთ ჩართულობისკენ, იმედი მაქვს, რომ გამოგვეხმაურებით, თქვენ საქართველოს სჭირდებით, სჭირდება თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა, თქვენი განათლება და უნარები, რათა ამ ქვეყანას ერთად მივხედოთ. ძალიან მალე გაგიზიარებთ ამ ინიციატივის შესახებ და ეს იქნება მძლავრი დასაწყისი იმ დიდი პროექტისა, რომელიც ყველას ერთად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე თავის საგანგებო მიმართვაში.
მამუკა ხაზარაძის მიმართვას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.