მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ რვა წელი გააჩერა და დაამუხრუჭა ქვეყანა
„ქართულმა ოცნებამ“ რვა წლის განმავლობაში გააჩერა და დაამუხრუჭა ქვეყანა, ვინც არ არის ღირსი, ხელისუფლებაში იყოს, მას ქართველი ხალხი არჩევნებზე თავის ადგილს მიუჩენს,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო-საქართველოსთვის“ ის ძალაა, რომელიც ყველას მოუწოდებს გაერთიანებისკენ, დიალოგისკენ და ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტს ამკვიდრებს.
„ადამიანების დაშინება უნდა დამთავრდეს, დამთავრდეს სცენარების თავში ჩადება, თითქოს არეულობა იგეგმება. ჩვენ ვართ „ლელო-საქართველოსთვის“ ის ძალა, რომელიც ყველას მოუწოდებს გაერთიანებისკენ, არის დიალოგისკენ მოწოდებული და ახალი სტანდარტს დავამკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში. ეს სტანდარტი არის იმ ყველაფერ მანკიერზე უარის თქმა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გავიარეთ.
ეს არის გადაწყვეტილებაზე და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა ძალის დახარჯვა, ყველა ერთის წინააღმდეგ – ეს პრინციპულად სხვადასხვა რაღაცაა, ჩვენი ძალა უნდა დავხარჯოთ ხვალინდელ დღეზე. ვინც არ არის ღირსი, ხელისუფლებაში იყოს, ამას ქართველი ხალხი არჩევნებზე თავის ადგილს მიუჩენს,
ეს იქნება „ქართული ოცნება“, რომელმაც რვა წელი გააჩერა, დაამუხრუჭა ქვეყანა, და ვინც კი დარჩენილი იყო, გააქცია ქვეყნიდან, ახალგაზრდა ადამიანები. ნეპოტიზმით აივსო ქვეყანა. თუ პატრონი არ გყავს, ახალგაზრდა ადამიანს იმედი არ აქვს, რომ რაღაცა პერსპექტივას მიაღწევს. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, დავკარგეთ ტვინები და ჩვენი პოლიტიკა იქნება ამ ტვინებისა და ტალანტების შეკრება, გაერთიანებისკენ მოწოდება, დაპურება კი არა, კონკრეტული გეგმების დადება და შედეგების ჩვენება განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.