მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს მიმართავს - მეგობრებო, დროზე მოდით გონს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენას ეხმაურება.
მისი თქმით, სიაში რამდენიმე ახალგაზრდა სახეა, რასაც მიესალმება.
თუმცა, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ნიჭიერი ადამიანები მოტყუებით ხვდებიან „ქართული ოცნების“ მარწუხებში და შემდეგ ქართული პოლიტიკიდან ქრებიან.
„ჯერ ვნახე მაჟორიტარების წარდგენა, „ოცნებამ“ თითქმის 90 პროცენტი წარადგინა ოდიოზური მაჟორიტარობის კანდიდატები, საბჭოთა მენტალობის მაჟორიტარები, რეგიონების ფეოდალები, რომლებიც სისხლს სწოვენ და სწოვდნენ საქართველოს. კიდევ ვიმეორებ, ყველაზე არ მაქვს საუბარი, იქ რამდენიმე წესიერი ადამიანია, რომელიც გაუგებრობაშია. გუშინდელი სიის წარდგენაზე ასევე მაქვს კომენტარი, რომ სიაში ახალი სახეები – რამდენიმე სპორტსმენი ვნახე, რამდენიმე ახალგაზრდა ქალი ვნახე, რასაც მივესალმები, მაგრამ ეს ხომ არ არის პარტია, ეს არის ერთი ადამიანის სპექტაკლი. მერამდენე წრეზე უნდა წავიდნენ ახალგაზრდა ადამიანები, ემსახურონ ამ რუსულ ძალას და მერე ქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან. ხაზს ვუსვამ, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მოტყუებით ხვდებიან „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის მარწუხებში და მერე ისე ქრებიან, ზოგს საერთოდ მადლობასაც არავინ ეუბნება. მათ გამოც ვწუხვარ, რომ ასეთი სახეები იკარგება ქართული საქმისთვის, პოლიტიკისთვის კი არა, სპორტისთვის, ხელოვნებისთვის, მეცნიერებისთვის, რადგან ეს, კიდევ ვიმეორებ, არის ერთი კაცის პარტია, რუსული პროექტი.
მინდა, გითხრათ, მეგობრებო, დროზე მოდით გონს. ძალიან ცოტა ხანში თქვენ იქნებით მომსწრე იმისა, რომ ეს ახალი სახეები, სპორტსმენები, რომელთაც ჩვენი ქართული დროშა გაჰქონდათ და ჩვენ მათ ვგულშემატკივრობდით, მიხვდებიან, რომ არ მოემსახურებიან რუსულ ძალას და „ოცნება“ დაიშლება მარტივ მამრავლებად.
ეს სამწუხაროა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან იკარგება დრო, იკარგება ენერგია. მე მოწინააღმდეგე პარტიაზე ვსაუბრობ გულისტკივილით, რადგან ჩემს სამშობლოზე მტკივა გული. ამიტომ, მოგიწოდებთ, მეგობრებო, ერთხელ და სამუდამოდ თვალები გაახილეთ და ზარზეიმით ტაშის კვრას კი ნუ დაიწყებთ, იმას ჩახედეთ თავლებში, რაც უკვე ათიათასჯერ ნახეთ ბოლო რვა წლის განმავლობაში – რა მდგომარეობაშია ხალხი რეგიონში, როგორ უჭირს თავისი შვილის გამოკვება, როგორ სიღატაკის ზღვარზე მიიყვანეთ ქვეყანა, როგორ ჩაახშეთ ეს ჩვენი ქართული სული, როგორ გაუკეთეთ კაპიტულაცია რუსეთს და ყველა დიდი პროექტი როგორ გააჩერეთ. აი, ამაზე პასუხები უნდა გქონდეთ თქვენ და თუ პასუხი არა გაქვთ, ჩემო ახალგაზრდა ე.წ. კოლეგებო, თუ როგორ გიწოდოთ, არ ვიცი, მაშინ ძალიან დიდ გაუგებრობაში ხართ და მე ამაზე თქვენ გამო ძალიან ვწუხვარ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.