მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ არ არსებობს ნდობა, რაც ეტყობა ყველა სფეროს
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საზოგადოების არც ერთ ფენაში „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს.
„მინდა, ვისაუბრო ორ უმნიშვნელოვანეს თემაზე – ეს არის ნდობა და პარტნიორობა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად საზოგადოების არც ერთ ფენაში „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის მიმართ არ არსებობს ნდობა, რაც ეტყობა ყველა სფეროს. თქვენ არ გენდობათ ბიზნესი, არ გენდობიან ინვესტორები და ეს ციფრებში ჩანს. არ გენდობათ ის ხალხი, ვისთვისაც თითქოს ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, რადგან არაა არანაირი კომუნიკაცია, ახსნა-განმარტება, ვერ მოახერხეთ ახსნა, რადგან ეს ყველაფერი გადაწყდა სადღაც კაბინეტში, რაც დღეს პროტესტს იწვევს. ვერ ახსენით, რატომ არ აშენდა ანაკლია. უკვე ორი წელი გავიდა და გაჩერებულია იქ ყველაფერი.
ყველაზე მთავარი საკითხი, რომელსაც ბოლო ექვსი თვე მივუძღვენით და რომელშიც ჩართული იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, ისევ ნდობაზე და პარტნიორობაზე ჩანს შემდეგნაირად, რომ ხვალ მოსამართლეები აპირებენ ოთხი მოსამართლის არჩევას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება, როემლმაც პრაქტიკულად ახალ ლიანდაგზე უნდა დააყენოს ქართული მართლმსაჯულება.
„რამდენიმე დღის წინ, თქვენმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი 300 მილიონზე მეტ დახმარებას შეერთებული შტატებისგან. ორი, თუ სამი დღის წინ შეერთებული შტატების ელჩმა მოგმართათ თხოვნით, რომ ეს პროცესი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას და ხვალინდელი მოსამართლეთა კონფერენცია გადაიდოს.
ბატონი სპიკერისგან იყო პასუხი, წერილი, რომ მსგავსი რამ მოხდება, რადგან ეს მოსამართლეები არიან ასარჩევები. ახლა მე მაქვს კითხვა, სადაური პარტნიორობა, სადაური წესია, როცა ერთი მხრივ, წლების განმავლობაში ხელგაწვდილი ეს ღარიბი, გაღატაკებული ქვეყანა ფულს თხოულობს ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, იძახის, რომ ვართ თქვენი პარტნიორები და ელემენტარულ მარტივ რამეზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს, მართლმსაჯულებას ეხება, პასუხს სცემთ, რომ ვერ გადავდებთ ოთხი მოსამართლის არჩევას.
ნამდვილი პარტნიორობა ნდობაზეა დაყრდნობილი. აი, ის ჯარისკაცები გამოხატავენ, გმირულად დაცემული ბიჭები, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით მსახურობენ სხვადასხვა ადგილას, ეს არის ნამდვილი ნდობა და ნამდვილი პარტნიორობა. ის პოლიტიკური სტილი, რა სტილიც თქვენ აქ დაამკვიდრეთ, არც პარტნიორობა და არც ნდობაა. მითუმეტეს, შენი მეგობარი რომ გეუბნება, ეს შენ გჭირდება, მას კი არ სჭირდება, იმათ დალაგებული აქვთ საქმე. ერთი ხელით 300 მილიონი გამოართვა და მეორე ხელით უთხრა, რომ არა, ვერ გადავდებ 26 მაისს, დასვენების დღეს, კლანის მიერ დანიშნული მოსამართლეების არჩევას, აი აქედან ინგრევა ფუნდამენტი. იმიტომ არ შემოდის არც ინვესტიცია და არც არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. თუ ასე გაგრძელდა, ვიმეორებ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა გადაიჩეხება. ამ პოლიტიკით ჩვენ აღარავინ ხელს არ გამოგვიწვდის“, – განაცხადა ხაზარაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსამართლეების არჩევა უნდა გადაიდოს.