მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და მომავალ წელს აუცილებლად იქნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები
„ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და მომავალ წელს აუცილებლად იქნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ეს ვინმეს ახირება ხომ არ არის?! ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ და რა გზით მოახერხებს ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მიღწევას, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანა უმძიმეს ვითარებამდე მიიყვანა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას არ შეხვედრია ადამიანი, რომელსაც ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობის ატანა უნდა.
ამასთან, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მოახერხა ოპოზიციამ ხელისუფლების ალტერნატივის შექმნა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები გარდამტეხი არჩევნები იქნება და ის ჯამურად, ოპოზიციის გამარჯვებით დამთავრდება.
ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად დაარღვია, ასე არ ირღვევა.
„არ შეიძლება შეთანხმებების დარღვევა. ეს არ არის რაღაც ყიდვა-გაყიდვის გარიგება. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება. ეს ყველაფერი მთელი მოსახლეობის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ევროპელი პარტნიორების შუამავლობით მოხდა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გამარჯვების მისაღწევად „ლელო“კოორდინაციაში იქნება და ითანამშრომლებს ყველა პროევროპულ ოპოზიციურ ძალასთან.
„ეს იქნება ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იმართება. მე მგონი, ძალიან ნათლად ჩანს და ნუ ჩამომათვლევინებთ, ვინ თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს და ვინ არის ფსევდოოპოზიცია. ერთ-ერთი შემიძლია, დაგისახელოთ – ეს არის გახარიას პარტია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ უპასუხოდ დატოვა გადაცემის წამყვანის შეკითხვა, რომელი ოპოზიციური ძალაა კოორდინაციაში „ქართულ ოცნებასთან“.