მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვისას აჩვენეს 40 ეპიზოდი, სადაც ასახულია მისი კომუნიკაცია შვიდ ეპისკოპოსთან, მონასტრის ხელმძღვანელებთან და იღუმენიებთან
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვისას აჩვენეს 40 ეპიზოდი, სადაც ასახულია მისი კომუნიკაცია შვიდ ეპისკოპოსთან, მონასტრის ხელმძღვანელებთან და იღუმენიებთან

ქართულ ეკლესიაზე საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიმდინარეობს. ამ მასალის შეგროვება ჩვენს მოძღვრებზე, აღსარების საიდუმლოებაზე წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარეობდა. ბოლო სამი წლის მასალა გამაცნეს და ეს ფრაგმენტი არ არის სრული, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოიკითხა.

ხაზარაძის თქმით, მან იმ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, სადაც თვითონ ფიგურირებდა.

„40 ეპიზოდი ვნახე და გამოკითხვის შემდეგ გულწრფელად გითხრათ, მართლა დამძიმებული ვარ. ეს არის მასალები, სადაც ასახულია ჩემი პირადი ურთიერთობა შვიდ ეპისკოპოსთან, მონასტრის ხელმძღვანელებთან და იღუმენიებთან. ეს არის კატასტროფა, პირდაპირ გეტყვით, ეს არის გამაოგნებელი რაღაც. არ მინდა ვინმე დავამძიმო, რადგან მეც ძალიან დამძიმებული ვარ ახლა. აქ აღარ არის საუბარი დანაშაულზე, ეს არის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებებზე, იმაზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, ამისთვის ძირის გამოთხრა. მინდა გითხრათ, რომ მათ ეს არ გამოუვათ ნამდვილად. დღეს ეს იყო ჩემი მხრიდან ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება. პრაქტიკულად ყველაფერი დავუდასტურე, რადგან როდესაც ამონარიდის კითხვას იწყებდნენ, უკვე ვუდასტურებდი, რადგან ეს მომენტები ნამდვილად იყო და ეს მახსოვდა. ეს არის მხოლოდ ერთი დაკითხვის შედეგი. როგორც გვითხრეს, უამრავი მასალის გაშიფვრვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს ახლაც. ბუნებრივია, ჩვენ გამომძიებელთან გვქონდა საუბარი. იმედია, რომ ეს ყველაფერი დამკვეთამდე, დამფინანსებლამდე და არამარტო გამავრცელებლამდე მიგვიყვანს, რადგან ეს ამბავი ძალიან კომპლექსურად არის გამოსაძიებელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.